ერთხელ ტაქსიში, ანუ საინტერესო დიალოგი მძღოლთან…

Posted on Updated on

DNG01418ამასწინათ დილემის წინაშე დავდექი: წამეყვანა მანქანა ერთ-ერთ ბარში, ლაივზე და უალკოჰოლოდ მომესმინა, წამეყვანა და ცოტა დამელია,
წამეყვანა, ბევრი დამელია და დამეტოვებინა, ა.შ.

ბოლოს, აპლიკაციით იანდექსის ტარიფებს დავხედე და ტაქსით წასვლამ
გაიმარჯვა. საკმაოდ კომუნიკაბელური მძღოლი შემხვდა… და ისეთი მაგარი
მარკეტერი აღმოჩნდა, რომ ძალიან მინდა, ვინმემ იანდექსიდან – ეს პოსტი
წაიკითხოს და შესაბამისი ზომები მიიღონ.

ჯერ თავის ტარიფებზე მოყვა, ყველაზე დაბალიაო. მრცხვენია, როცა სხვა ტაქსის
მძღოლები ტურისტებს ატყუებენო. მე ზუსტად მომყავს და ხშირად
გაოცებულანო.
მერე, პირველი ივნისზე ჩამოვარდა საუბარი…
აი ბავშვებისთვისო, ორასზე მეტი ტაქსი ივლის სავარძლით თბილისში და ოდნავ
ძვირი იქნება სტანდარტულზეო.

მეთქი ავშენდი, ჩემი მანქანით სადმე როგორ გინდა ბავშვი წაიყვანო, აქ
პირდაპირ, მარტივად და კომფორტულად – ჩასვამ და ეგაა.
– 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის
– თან ჩინურები არ გეგონოთ, კარგი ხარისხის ჩამოგვაქვსო
– ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდებით, ბევრ ქვეყანაში კი არ დადის
მსგავსი სავარძლიანი ტაქსებიო
– მარტო ეს ხომ არ არის, კიდევ უფრო იზრდება საავტომობილო
უსაფრთხოებაო
მერე გადავერთეთ კონცერტების თემებზე, ვიზა ლიბერალიზაციაზე,
მოგზაურობაზე, საერთაშორისოობაზე და მოკლედ, ყველა თემას მაინც
იანდექსამდე მივყავდით.

ნეტა ჩემი ტურისტულის თანამშრომლებიც ასეთი თავდადებულები თუ არიან
მომხმარებლებთანმეთქი გავიფიქრე…
სხვათა შორის, შეიძლება ჭურში ჯდომაში დამდონ ბრალი, მაგრამ ახლა გავიგე,
რომ თუ ქეში არ გაქვს, ბარათით შეგიძლია დაჯავშნო ტაქსი და იმგზავრო
ბედნიერად. ადრე თუ ფული გამომქონდა – ძირითადად სიგარეტისთვის,
რომელსაც აღარ ვეწევი და ტაქსისთვის თუ დამჭირდებოდა, ამიერიდან
მარტივად შემიძლია სრულად საბარათეს სისტემაზე გადავერთო და ფულით
ხელები არ გავიჭუჭყიანო 🙂

მოკლედ, ბავშვზე ადაპტირება ძალიან კარგი ამბავია და თუ ბევრი სხვა
კომპანიაც მიბაძავს, ევროპულ სტანდარტებს, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით
– კიდევ უფრო კარგი იქნება.
იანდექსზე კიდევ, ადრე მხოლოდ დაბალი ტარიფების შესახებ მსმენოდა და ამ
საინტერესო მძღოლთან კიდევ, ისე გემრიელად შემომესმინა ყველაფერი და გზაც
ისე მალე გაილია, რომ სტიმული მომეცა უფრო ხშირად დავტოვო ხოლმე მანქანა
სახლში… 🙂IMG_6354.JPG

არამწეველები vs მწეველები – ანუ, ეთანხმებით თუ არა მოწევის აკრძალვას?

Posted on Updated on

მწეველების და არამწეველების დაპირისპირებამ უკვე მეტისმეტად მარაზმში გადაზრდილი სახე მიიღო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა აქტიურად მიმდინარეობს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას გულისხმობს.

როცა ვსაუბრობთ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეზე, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენი სოციუმი არ შედგება მხოლოდ არამწეველი ადამიანებისგან და რა შეიძლება ვუწოდოთ, მსგავს რადიკალურ და ეგოისტურ მიდგომას – თავად გადაწყვიტეთ!smoking

  • ითხოვდით არამწეველთა ადგილებს? გაქვთ ბატონო, თან არც ისე მცირე რაოდენობის
  • ასარჩევად თუ გვაქვს და ერთად გვინდა სადმე წასვლა, ვთანხმდებით ორივე მხარისთვის მისაღებ პირობაზე და მივდივართ, მე არავის ვაძალებ, რომ ჩემ გამო აუცილებლად მწეველთა ობიექტში წავიდეთ, ისევე, როგორც საკმაოდ ხშირად მოგყვებით არამწეველთა ობიექტებში.
  • ჩემს ჯანმრთელობას უფრთხილდებით? დიდი მადლობა, როგორმე თავად მივხედავ!
  • სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე მოწევის აკრძალვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არამწეველებს არ მოსწონთ, ან მათ ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის (როცა უამრავი ადგილია, სადაც არ ეწევიან) – თქვენი აზრით ნორმალურია?
  • საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ყველა კაფეში და რესტორანში რომ მოწევის აკრძალვას ითხოვთ, რამდენ მათგანში გიწევთ ყოფნა თვის განმავლობაში, ერთში, ორში, სამში, არცერთში?
  • რამე პრობლემას გიქმნით ის ფაქტი, რომ არსებობდეს ცალკე ადგილები მწეველთათვის და არამწეველთათვის? თუ ის, რომ მწეველები სადღაც ვეწევით, ფსიქოლოგიურ ზიანს გაყენებთ, ისეთივეს, როგორსაც თქვენთვის უცნობი ადამიანის ორალური, თუ არატრადიციული სექსი, მეზობლის პატიოსნება, ნათესავის დასაოჯახებლობა და ა.შ.?
  • ჯანმრთელობის პროპაგანდა თუ მოგყავთ არგუმენტად, მანქანების გამონაბოლქვიც ხომ არ გაწუხებთ შემთხვევით? და ხომ არ გირჩევნიათ, ყველამ ველოსიპედებით, ან ფეხით ვიაროთ? ფაქტია, ესეც გვაყენებს ზიანს და აბა გავშალოთ ფრთები, ვისაც მანქანა არ გვყავს.

მოკლედ, საკმაოდ გამაღიზიანებელია საკუთარი თავის გარშემო ვერაფრის დანახვა, ცალმხრივ ჭრილში განხილვა საკითხის და მსგავსი თავხედური კომენტარები.

რამდენიმე კითხვაც და ვასრულებ:

  1. სახელმწიფო რატომ უნდა უწყვეტდეს კერძო საკუთრებას, მწეველთა დარბაზი ექნება, არამწეველთა, თუ შერეული? მოდით, თავად გადაწყვიტონ რესტორნებმა, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე
  2. ის ხალხი, ვინც გვთავაზობს, რომ გარეთ მოვწიოთ – იქნებ შევენაცვლოთ ერთმანეთს და ხან მე მოვწევ გარეთ, ხან შენ გაბრძანდი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად, არა?
  3. მოგეწონებათ, ყოველ ნახევარ საათში, რომ ვდგებოდეთ, გავდიოდეთ და ათ წუთში ვბრუნდებოდეთ? საერთოდ, რატომ მივდივართ მაშინ ერთად სადმე?

პირობას ვდებ, მსგავსი ცვლილების შემთხვევაში, ჩემი ფეხი არ იქნება ისეთ ობიექტში, სადაც არ იქნება მწეველთა ადგილები, არამწეველ მეგობრებსაც შემოვიერთებ (ორ ნაწილად ვერ გავიყოფით) და იმედია მსგავსად მოიქცევა ყველა სხვა მწეველიც.

ჰო და აი ამ ფეისბუქ მოყაყანე საზოგადოებამ გაგაყიდინოთ საკვებ-სასმელი, მთავარია ემოციურად ვგრძნობდეთ თავს ევროპულად.

სხვა ყველაფერში ხომ ევროპა ვართ ისედაც და მხოლოდ ესღა გვაკლდა.

პ.ს. არ აქვს მნიშვნელობა კანონი რას გულისხმობს, სრულად აკრძალვას, თუ ცალკე მწეველთა ადგილების დაწესებას, ჩემი პოსტი საზოგადოების იმ ეგოისტ ნაწილს ეხმაურება, ვინც მოწევის საერთოდ აკრძალვას ითხოვს და ავიწყდებათ, რომ საზოგადოება შევდგებით როგორც არამწეველების, ასევე, მწეველებისგან!

ნულიდან დაწყებული კარიერა, ანუ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას “უპატრონოდ”

Posted on Updated on

მუშაობა 18 წლიდან დავიწყე. იმიტომ არა, რომ კარგად მქონდა გაცნობიერებული, ადრე დაწყების შემთხვევაში, კარგ ასაკში, კარგ პოზიციაზე აღმოჩენის შესაძლებლობა… უბრალოდ, ბავშვობიდან, ძალიან მცირეს ვითხოვდი ოჯახისგან და ახლაც, დისკომფორტი შემექმნა, როცა ბინის ქირას მშობლები მიხდიდნენ. ჩემი 150 ლარიანი სტიპენდია – მხოლოდ საცხოვრებლად მყოფნიდა.

პირველი სამსახური საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დავიწყე, შემთხვევით, ტრეინინგს გავდიოდით და შეფასების შედეგად, რამდენიმე, ყველაზე მაღალ რეიტინგული სტუდენტი, სამუშაოდ დაგვიტოვეს. ნახევარი დღე ვმუშაობდით, ას ლარამდე გამოვიმუშავებდით, ან ოდნავ მეტს, თითქმის 1 წელი. პარალელურად ბევრ ტრეინინგს გავდიოდით და რაც მთავარია, არასდროს „გაგვტყდომია“ ქუჩაში დგომა, წვიმაში თუ ქარში და ფლაიერების დარიგება.

საზოგადოება არაერთგვაროვანი იყო ჩვენ მიმართ, ზოგი გვიღიმოდა, ზოგი ხელს აიქნევდა და გვიშორებდა, ზოგიც გვლანძღავდა, სექტანტებს გვიწოდებდა… არც გასაუბრებაში ვიყავი გამოცდილი და CV-ც ერთი ხელის მოსმით აწყობილი მქონდა.

მახსოვს ერთერთი გასაუბრება საქართველოს ბანკში, გარე გაყიდვების აგენტზე:

  • რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
  • რავიცი, ზოგადად მუშაობა მინდა, რომ სტაჟი მოვაგროვო, სულ ერთია სად ვიმუშავებ
  • ხუთი წლის შემდეგ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
  • ბანკში, ოპერატორად.

რა თქმა უნდა – გასაუბრება წარუმატებლად დასრულდა, ესეც და მომდევნო რამდენიმეც. ხელი არ ჩამიქნევია. ნელნელა ვისწავლე, სად რა უნდა მეთქვა და როგორც იქნა, 2007 წელს, ორ თვიან საზაფხულო პროექტზე ამიყვანა ამავე ბანკმა. აი აქ უკვე, ჩემს ხელში იყო ჩემი ბედი და თავი არ უნდა დამეზოგა, რომ მოვწონებოდით და დავეტოვებინეთ, თან 100 ადამიანი ვმუშაობდით აქციაში და კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო.

თავდაუზოგავმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო, ბანკმა საშტატო ხელშეკრულება გამიფორმა და აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორი გავხდი, ანუ მომხმარებლებს ვურეკავდით და ვთავაზობდით საბანკო პროდუქტებს. აქ უკვე, 440 ლარიან ხელფასს 160 ლარამდე ბონუსი ემატებოდა, პლუს სტიპენდია და ძალიან ბედნიერი ვიყავი, 19 წლის ასაკში ჩემი შემოსავალი 750 ლარი რომ გახდა. ისტერიულად დავიწყე დაზოგვა და იდეაფიქსი, ბინა, კიდევ უფრო რეალური გახდა.samsaxuri1

1 წლის შემდეგ უკვე თიბისის საკრედიტო ექსპერტი გავხდი და უკვე ამდენივე ფიქსირებული მქონდა, პლუს საკმაოდ ნორმალური ბონუსიც. უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება დავიწყე ბინისთვის. საზოგადოების ნაწილის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება ამ სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებდა. მაგალითად, ერთხელ მეგობარ თანამშრომელთან კონფლიქტი მომივიდა და… საჯაროდ გაჰკიოდა, რომ მათხოვარი ვარ, რომელიც ნაქირავებ სოროში ვცხოვრობ და ფულზე ვარ დახამებული. (არაფერი ჰქონდა საერთო ჩვენს კონფლიქტს ამ თემასთან, უბრალოდ წამომაძახა და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დამაბიჯა) ვიდექი და ვფიქრობდი: აი, ცოტაც და გიჩვენებთ ყველას, ნაქირავებ სოროს! თუმცა ხმა არ ამომიღია, გაბრაზებაზე და წყენაზე, სრულიად განსხვავებული რეაქციები მაქვს ხოლმე, დღემდე… პირველ შემთხვევაში – იმპულსურად ვფეთქდები, მეორეს დროს – უბრალოდ გული მწყდება და ვჩუმდები.

გეგმების შესასრულებლად ღამეებს ვათენებდით, მახსოვს ერთერთ დღეს, ღამის 10 საათი იქნებოდა, როცა მოვწყდი კომპიუტერს, ავდექი და თვალები დამიბნელდა, უცებ ფერები ვეღარ დავინახე, თვალწინ ყველაფერი ამოტრიალდა და გაშეშებული ვიდექი. მივხვდი, რომ უკვე სერიოზულ პრობლებას ვუქმნიდი ჯანმრთელობას, მით უმეტეს, რომ გეგმა შესრულებული მქონდა და ღამეებს გადაჭარბებისთვის ვათენებდი. სასწრაფოდ წავედი სახლში და მისვლისთანავე დავიძინე. ამ პერიოდში უკვე, საღამოს საათებში მაგისტრატურაზე ვსწავლობდი ჯიპაში და სახლში ფაქტობრივად, მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდი.

თიბისიმ ჩემი შრომა დააფასა, სათაომ „აღმომაჩინა“ და პირველი მენეჯერული პოზიცია შემომთავაზა, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე, სადაც 15-მდე ადამიანი მექვემდებარებოდა. უკვე 23 წლის ვიყავი, საბანკო პრაქტიკა გამოვიყენე და უნივერსიტეტს საბანკო საქმის კურსი წარვუდგინე. ამიყვანეს, საღამოს საათებში უკვე ლექციებს ვკითხულობდი. ბედნიერი ვიყავი. დამატებითი შემოსავალი მეორეხარისხოვანი იყო.

ამდენი შრომის, ღამეების თენების, წვალების შედეგმა არ დააყოვნა და უკვე შევძელი, დანაზოგისთვის სესხი დამემატებინა და ბინა მეყიდა. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ბავშვობის მეორე ოცნება ამიხდა! (პირველი, ლექციების კითხვა იყო).

პარალელურად დავფიქრდი, რისგან შედგებოდა ჩემი ცხოვრება: შრომა, დანაზოგი, ბინის ყიდვა, ალბათ მეორე და მესამე ბინისაც, ამასობაში დავბერდებოდი და რა თავში ვიხლიდი ამდენ უძრავ ქონებას?! დავიწყე ფიქრი გართობაზეც – გადავწყვიტე აქტიურად მემოგზაურა და დაქანცული ცხოვრება ამით გამეფერადებინა.samsaxuri2

სესხი მძიმე სტრესი აღმოჩნდა, ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი (სტანდარტული გრაფიკის მიხედვით 15 წლიანი იყო, ანუ 38 წლის ასაკში დავასრულებდი). გადავედი სამუშაოდ თეგეტაში, საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, თითქმის ორჯერ მაღალ ხელფასზე და დავიწყე სესხის აქტიური წინსწრება. ორი წლის თავზე, სესხი უკვე აღარ მქონდა!

პრიორიტეტები სხვანაირად გადანაწილდა. გული მწყდებოდა, რომ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსაც ისე ხშირად ვეღარ ვხედავდი, თუმცა ვიცოდი, რომ მგულშემატკივრობდნენ და ჩემიც ესმოდათ. თავისუფალ დროს ლექსებს ვწერდი, ხატვაც დავიწყე, სიმღერა აღვადგინე და ერთგვარი ფერადი, არტ სამყაროც შევიქმენი, ცივსისხლიანი მერკანტილური ცხოვრების პარალელურად. თუმცა, უკვე ძვალ-რბილში გამიჯდა და კომერციაც ჩემი სიამოვნების წყარო გახდა…

ამ კუთხით აქტიური ცხოვრება, წინააღმდეგობაში მოვიდა სასიყვარულო ურთიერთობებთან, რომლებიც ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერა და ვერ დავალაგე, არც არავინ ცდილობდა ჩემთვის გაეგო და უყურადღებობაში მადანაშაულებდნენ. ჰო და, მიდიოდნენ, მოდიოდნენ და ისევ მიდიოდნენ.

როცა უკვე ძალიან ბევრი დამიგროვდა სათქმელი, გავხსენი ბლოგი, სადაც საწყის ეტაპზე, მოზაურის დღიურები მინდოდა მეწარმოებინა. ერთხელაც, ვიღაცაზე გაბრაზებულმა, დავწერე კრიტიკული პოსტი, რომელიც ჰოი საოცრებავ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა აიტაცა, შემდეგ კიდევ დავწერე, კიდევ და…

ბლოგის გახსნიდან სამ თვეში, ქუჩაში პირველად გამაჩერა ახალგაზრდა გოგონამ:

  • ვგიჟდები თქვენს ბლოგზე! – წამოიძახა გაბრწყინებული თვალებით.

ბედნიერებისგან ცას ვეწიე და მივხვდი, რომ სრულიად შემთხვევით, ბედნიერების ახალი წყარო ვიპოვე. აქტიურად დავიწყე Nx სპიკერის ფარგლებში, მოკლე ვიდეოების ჩაწერა სასარგებლო თემებზე და ძალიან მიხაროდა, როცა მწერდნენ, რომ ჩემი რჩევების გათვალისწინებით წარმატებას მიაღწიეს. მერე იმედის დილის წამყვანიც გავხდი და ჩემ მკითხველთა აუდიტორია უკვე, სტაბილური ტემპით, სულ უფრო იზრდებოდა.

დღეს, კმაყოფილი ვარ ცხოვრებით და ვფიქრობ, დღეის შემდეგ სულ რომ არაფერი მოხდეს საინტერესო, მოგონებებისთვის აქამდე მომხდარიც მეყოფა… არ ვთვლი, რომ რაღაც სასწაული მოვახდინე, თუმცა საკუთარი შრომით, როცა ნულიდან, თუნდაც რაღაც მიზერულს აღწევ – უკვე სასიამოვნოა.

შეჯამების სახით:

  • მთავარია გქონდეთ სწორად განსაზღვრული მიზანი, რის მისაღწევადაც, ეფექტიან გზას აუცილებლად იპოვით;
  • როცა საზოგადოება გლანძღავთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცას მიაღწიეთ… კრიტიკა ნამდვილად სჯობს სიბრალულს, ყველას ვერ ეყვარებით, როგორც არ უნდა იმსახურებდეთ ამას;
  • ცხოვრება უსამართლოა, ხანდახან ისე მწარედ დაგახეთქებს მიწაზე, რომ გგონია ვერასდროს ადგები, თუმცა დგები და უფრო მაღლა იწყებ ფრენას. იმდენჯერ დაცემულხარ, რომ მორიგი დანარცხების აღარ გეშინია, რადგან იცი, რომ უკვე ვერაფერი გეტკინება.
  • ჰო, ცხოვრება საკმაოდ უსამართლოა და თან მძიმეც, თუმცა როცა რამეს შენი შრომით და სწორი სტრატეგიით მოიპოვებ, ეს გაცილებით დიდი ბედნიერებაა, ვიდრე ლანგრით მორთმეული წარმატება;
  • ადამიანები მიდიან და მოდიან, დაუფასეთ ამაგი მეგობრებს, ვინც მაშინ შეგიყვარათ, როცა არაფერს წარმოადგენდით. ზენიტში ყოფნის დროს ქარის მოტანილ მეგობრებს, ისევ ქარი წაიღებს, ოდნავი დაღმავლობის შემთხვევისთანავე;
  • რაც უფრო მძიმე პერიოდს გამოივლით, მით უფრო მეტი მოტივაცია გექნებათ, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები, ამიტომ, პრობლემები მიიღეთ, როგორც გამოწვევა. გამოწვევა იმისთვის, რომ გამოფხიზლდეთ, ასჯერ მეტი იშრომოთ და შემდეგ, შედეგებით დატკბეთ.
  • აუცილებლად გამონახეთ დრო გართობისთვისაც, ასე მუშაობაც უფრო პროდუქტიულია და თან გულიც აღარ დაგწყდებათ, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები ოფისში გამოკეტილებმა გაატარეთ.
  • დაიმახსოვრეთ კარგიც და ცუდიც. კარგი ადამიანები აუცილებლად იმსახურებენ თქვენგან დაფასებას, ცუდები – უბრალოდ დავიწყებას.
  • ცხოვრება თეთრი ფურცელია, საღებავებიც და ფუნჯებიც თქვენს ხელთაა, ზოგი სწავლობს ლამაზად ხატვას, ზოგი ჯღაბნის, ზოგს კიდევ, უმოქმედობისგან საერთოდ უხმება საღებავები და თეთრი ფურცლითვე ასრულებენ ცხოვრებას, რას აირჩევთ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

The End

17 მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც რემონტისას უნდა გავითვალისწინოთ!

Posted on

დავიწყებ იმით, რომ ახალ სახლში ახალ წელს უნდა შევხვედროდი, დღევანდელი გადმოსახედიდან, იმედია აღდგომას მაინც შევხვდები… ჰო, პროცესი გაიწელა, თუმცა ამ საკითხში იმდენად ექსპერტული უნარ-ჩვევები შევიძინე, რომ საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ და მეტიც, ჩემ დაშვებულ შეცდომებზე თქვენ ისწავლოთ.

როდესაც თეთრი კარკასის მდგომარეობაში მყოფ ბინას ვყიდულობდი, რატომღაც მხოლოდ შპალერი, ჭერი, იატაკი, სანტექნიკა და ელექტროობა წარმომედგინა, თუმცა გადავაწყდი გაცილებით უფრო მრავლისმომცველ პროცესს, რომელის დასრულებასაც საშველი არა და არ დაადგა. მიმდინარე თუ არა, პოტენციური მყიდველები მაინც იქნებით ბინის ახალ აშენებულ კორპუსში (და გისურვებთ მალე იყოთ), შესაბამისად, ალბათ ეს რჩევები სასარგებლო და საინტერესო იქნება.binanew

ჩამოვწერ 17 პუნქტად, აღქმადობის გამარტივების მიზნით.

  1. ზუსტად გათვალეთ სად რას გააკეთებთ, მაგ: დენის ჩამრთველებს, დენის წყაროს, გათბობის რადიატორებს, განათებას… დიდი შანსია, მოულოდნელად ან ავეჯით დაფაროთ რამე, ან არასწორ ადგილას გქონდეთ, მერე კედელს გამოთხრით, იწვალებთ, ა.შ. ამიტომ, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს მიაქციეთ დიდი ყურადღება.
  2. ყურადღება მიაქციეთ შპალერის სისქეს, გადაუსვით ხელი, შეამოწმეთ, რამდენად კარგად ირეცხება და გაკვრისას ყოველი ნაბიჯი გაუკონტროლეთ მუშებს, რომ შემდეგ მათი „ნამაიმუნარის“ გამოსწორება თქვენ რომ არ მოგიწიოთ. არ დაიჯეროთ: გაშრება და გასწორდება, შპალერის ბრალია, მომეცი ფული და ამ დეტალებს ერთ დღეში მოვაგვარებ, ა.შ.
  3. ნუ მისცემთ ხელოსანს თანხას წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც კი, ჩემს მსგავსად სასამართლოებში რომ არ მოგიწიოთ მერე სირბილი. ადამიანების ნაწილი, გაუნათლებლობიდან გამომდინარე, ვერ საზღვრავენ, უპასუხისმგებლობამ რამდენად დიდი პრობლემები შეიძლება შეუქმნათ, შესაბამისად, თანხას კი დაიბრუნებთ, მაგრამ დროში ძალიან გაგეწელებათ…12952920_10206202775335260_496539470_o
  4. როცა საქმე გათბობის სისტემაზე მივა, „საგა“-ზე უკეთეს ადგილას ვერსად წახვალთ. მიდიხარ, უუზარმაზარი ასორტიმენტი, პოზიტიური, თავისი საქმის მცოდნე კონსულტანტები გხვდებიან, გემსახურებიან, გაძლევენ რჩევებს, გარჩევინებენ პროდუქციას და შენც მოდიხარ ბედნიერი. ჩემს ცნობადობასაც ვერაფერს დავაბრალებ, ჯერ მე დავათვალიერე და მერე ყიდვისთვის დედაჩემი გავუშვი, რომელმაც გამოსვლისთანავე დამირეკა და აღფრთოვანებული მიხსნიდა „რა კარგი ბავშვები მუშაობენ“, ჰოდა ეს ხალხი იმსახურებს ამის აღნიშვნას და იმედია ბლოგს მათი უფროსებიც წაიკითხავენ J თან ხარისხითაც ყველამ მირჩია და მეც, მარტივად ავირიდე თავის ტკივილი.
  5. გაწევრიანდით „რემონტის“ ჯგუფში, აქ კომპეტენტური ადამიანები, ვინც ამ საკითხებში ჩართული ვართ – ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას და ამით ბევრ შეცდომას აირიდებთ თავიდან, პრობლემას შესჩივლებთ, სიხარულს გაუზიარებთ, ურჩევთ, გირჩევენ და სოფელიც აშენდება.10256547_10205504448237519_7382012672492107294_n
  6. ლამინატის შემთხვევაში – დააკვირდით სისქეს,8 ან 1 მაინც რომ იყოს, ასევე, ქვემოთ უყიდეთ შედარებით სქელი საფარი (ის თხელი, რაც მოყვება გადაყარეთ) და სანამ მუშას ფულს გადაუხდით კარგად გაიარეთ, ყველა ნაწილში. დარწმუნდით, რომ არ მოძრაობს სიარულისას და ამის შემდეგ ჩაიბარეთ დასრულებული სამუშაო.
  7. მეტლახის თუ გრანიტის შემთხვევაში, ყიდვამდე დაალაგებინეთ გვერდიგვერდ და დარწმუნდით, რომ ღარებს არ იტოვებს, განსაკუთრებით, თუ ელიავაზე, აშენდიში ან სადმე მსგავს ადგილას ყიდულობთ…
  8. შპალერის გაკვრის ფასები 7-8 ლარის ფარგლებშია ოპტიმალური, ლამინატის დაგება 3-4 ლარი თავისი კუთხეებით, დენის წყარო 5 ლარი, ჭაღის მონტაჟი 10 ლარი და წინასწარ შეუთანხმდით, რომ კარის და ფანჯრების (ანუ, სადაც მაინც არ ეკვრება შპალერი) ადგილები არ ჩათვალონ დათვლისას. წერეთელზე არის საკმაოდ კარგი არჩევანი და ადამიანურად და პოზიტიურად გიხსნიან, ადამიანური კომუნიკაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვან პლანზე იწევს, ამდენი „სხვა ენაზე მოსაუბრე“ ხელოსნის ნახვის შემდეგ ხელოსნის შერჩევამდე, კარგად გამოიკითხე იმათგან, ვისთანაც თქვენამდე მუშაობდნენ.12922248_10206202776135280_1444325000_o
  9. საშხაპე კაბინა იყიდეთ სახურავის გარეშე, რომ არ გაიგუდოთ ორთქლში, ან ამოაშენეთ კედელი და უბრალოდ კარს იყიდით, თანხის დაზოგვა თუ გინდათ. დააკვირდით ჩამკეტი მექანიზმი მთლიანად რეზინის ხომ არ აქვს, ამ შემთხვევაში შანსი გაქვთ, რომ მალე გამოვიდეს მწყობრიდან.
  10. მალევე წაართვით ხელოსნებს სახლის გასაღები და შეცვალეთ საკეტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბინა ახალ აშენებულია და სხვა სახლებსაც არემონტებენ. ამით თავიდან აირიდებთ მთელი სამშენებლო ჯგუფის თქვენს ტუალეტში მოსაქმებას და/ან თქვენს ახლად შეძენილ ტახტზე მათი ტურფების წამოწვენას (ჰქონია მეზობელს მსგავსი პრაქტიკა) J
  11. დიზაინერის ხარჯების საპირწონედ, მოძებნეთ გუგლის დახმარებით ორიგინალური ფოტოები გარემონტებული სახლების, შემოიარეთ მეგობრები, თუ გინდათ მეც მკითხეთ რჩევები და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
  12. წინასწარ დატოვეთ ადგილი ინტერნეტის, კონდიციონერის კაბელებისთვის, ანუ ჩააყოლეთ ეს სადენები კედელში, სანამ შპალერს გააკრავთ… რაკი გათბობის სისტემით ძალიან კმაყოფილი ვარ და ზოგადი რჩევებიდან გამომდინარეც (დეიდაჩემმა დააყენა თავისთან და ძალზედ კმაყოფილია) ალბათ კონდიცირებაზეც საგას მივმართავ, ფასები და ასორტიმენტიც კარგი ჩანს. ჰოდა, კიდევ ამდენი გიჟი ხელოსნის გადამკიდემ, მონტაჟზე მომღიმარი ხალხი რომ დამადგა, თან თავაზიანად რომ მიხსნიდნენ ყველა დეტალს და ჩემს ენაზე საუბრობდნენ, ძალიან გავიხარე. 🙂 იმედია, სანამ შემდეგ ბინას ვიყიდი, შპალერის და ლამინატის გაყიდვასაც დაიწყებენ 🙂12941199_10206202775495264_960736006_o
  13. არ დაუჯეროთ მუშებს, რომ სტანდარტული (არა შეკიდული) ჭერის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია თაბაშირ-მუყაო (გიფსო-კარდონი), ამით უბრალოდ მასალებში გაგწეწავენ, „შპაკლის“ სიმძიმეს აირიდებენ თავიდან და თან მონტაჟის ხელობაშიც არც ისე მცირე თანხას მოგთხოვენ. თუ ჭერი სწორია, დატოვეთ როგორც არის და არც კარნიზებია (კუთხეში, კედლის და ჭერის შემაერთებელი) აუცილებელი, თუ შპალერს ბოლოში ნორმალურად მოჭრიან.
  14. ჩაინიშნეთ ყველა ხარჯი, დათვალეთ ყურადღებით და ყველა მიცემული თანხა ჩაწერეთ და ხელიც მოაწერინეთ, იმდენად ხშირად შეიძლება მოგთხოვონ ხელოსნებმა წვრილ-წვრილი თანხა, რომ ძალიან კარგი მეხსიერება თუ არ გაქვთ – შეიძლება აქაც მოტყუვდეთ.
  15. თუ კრეატივზე ხართ ორიენტირებული, იყიდეთ მეორადი წვრილი ავეჯი და მოახატინეთ, იდეალური ვიზუალის გამოდის და ძალიან დაამშვენებს თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ინტერიერს.
  16. ივაჭრეთ ყველგან, მაღაზია იქნება თუ ელიავა, შეადარეთ ფასები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ განაწყვეტილება. შპალერის საკმაოდ კარგი არჩევანია წერეთელზე, მაღაზიებში, ფასზე მოლაპარაკება აქაც შეიძლება და ბოლოს და ბოლოს, რამე პრობლემა თუ შეგექმნებათ, დიდი მაღაზია გაცილებით კარგად შევა თქვენს მდგომარეობაში, პლუს პრესტიჟს გაუფრთხილდება, ჯიხურისგან განსხვავებით და მომსახურებაც გაცილებით სასიამოვნოა.
  17. სამზარეულოს შემთხვევაში, მზა ავეჯის ყიდვას სჯობს დაამზადებინოთ და ზუსტად მოარგოთ თქვენი ოთახის სპეციფიკას, ასე გაცილებით კარგი გამოდის და ფასიც დიდად არ განსხვავდება მზა ავეჯისგან, უფრო მეტიც, შეიძლება უფრო იაფიც იყოს.

იმედი მაქვს ეს რჩევები გამოგადგებათ, სახლის საბოლოო დასრულების შემდეგ, ალბათ ჩემი გამოცდილება ამ კუთხით კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად, მეც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

მანამდე კი, გისურვებთ სწრაფ, ხარისხიან და ვიზუალურად ეფექტურ რემონტს და გამოუცდელობით გამოწვეულ ნაკლებ დამატებით დანახარჯს.

ფლირტი იტალიელ მაჩოსთან – ანუ ჩემი ბელგიური თავგადასავალი

Posted on

მაისის ბოლო იყო, თუმცა მაინც ისე ციოდა, რომ ეს ჩემი გამოზაფხულების შესაბამისი მაისურები ლამის სამ-სამად მეცვა, მერე პარიზში რაღაც იაფფასიანი, ოდნავ თბილი პოლოვერი ვიყიდე მეორადებში, წარწერით ITALIA და თითქმის ყოველ დღე, გარედან ამით ვთბებოდი. პარიზიდან ამსტერდამში წავედი, შემდეგ კი ბრიუსელის დრო დადგა.4

მასპინძელს ანდრეა ერქვა, 33 წლის იყო და ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა, მასზე მხოლოდ ეს ვიცოდი და ჰო, კიდევ ძალიან ბევრი დადებითი რეკომენდაცია ქაუჩსარფინგზე (საიტი, სადაც უფასო მასპინძლებს პოულობ). ტელეფონით ვიყავი შესული, თუმცა 33 წლის იტალიელი, რატომღაც ძალიან ცეცხლოვანი და საინტერესო წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები არ ედო. თან ისე როგორ უნდა ჩაევლო ამ ყველაფერს, რომ ერთი მცირე მეტრაჟიანი ლავ სთორი მაინც არ მქონოდა. ბრიუსელს ვუახლოდებოდით, მძღოლის ნომრიდან ანდრეას მივწერე:

  • თითქმის მოვედი, სახლში ხარ?
  • კი, გელოდები, რამე მოგიმზადო?
  • ჩემი მზრუნველი გოგო! გავიფიქრე და გულებით და დაფიფქული სმაილებით დავეთანხმე. პასუხადაც იგივე მომივიდა.
  • იატაკის მატრასზე დაიძინებ, თუ ჩემთან გაიყოფ საწოლს? – მომივიდა მორიგი სმს;
  • ბოზი! ჯერ არ მიმიწერია და უკვე საწოლში მიმათრევს – გავიფიქრე და ხმამაღლა გადავიხარხარე. – საწოლი მირჩევნია, იატაკზე წოლას არ ვარ შეჩვეული – მივწერე პასუხად და თან დავფიქრდი, იქნება და როგორ გამოიყურებოდა. თუმცა საწოლი და სექსი როდის ყოფილა სინონიმები, ხოლო ფლირტის შემთხვევაში, მის ვიზუალს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიმოწერაში ფლირტი გავაგრძელე, თუმცა მისი რეაქცია ოდნავ მაკვირვება, ვერ ვხვდებოდი, ამყვა თუ პირიქით, თავაზიანად მიშორებდა თავიდან.2

ჩავედი თუ არა პირველივე მაღაზიაში, პატარა თაიგული ვიყიდე ყვავილების და ანდრეას შესახვედრად მოვემზადე.

10 წუთი იქნებოდა გასული, როცა მაღალი, შავგრემანი მამაკაცი მომიახლოვდა და გადამეხვია. ვერ ვხვდებოდი ვინ იყო, ან საიდან მიცნო, ჩავთვალე, რომ ანდრეამ გამოგზავნა და ჩემი ფოტოებიც აჩვენა.

  • ანდრეა! – გამომიწოდა ხელი
  • ჰა?! – აღმომხდა ისტერიულად და სიცილი ამიტყდა, თან მარცხენა ხელში გაქვავებულ ყვავილებს დავხედე.
  • ანდრეამაც გადაიხარხარა და ამიხსნა, რომ იტალიაში ეს კაცის სახელია. მერე ანდრეა ბოჩელი გამახსენდა და გავბრაზდი, ჩემი ბავშვობის სერიალებმა ამხელა გავლენა რომ მოახდინეს. (ჩემი ბავშვობის სერიალებში, ყველა ანდრეა ქალი იყო!)8

სახლში იტალიური სპაგეტი დამხვდა, რომელსაც მალევე მოჰყვა უგემრიელესი ყავა. იმ საღამოს წვიმდა, ანდრეამ კარადა გამოაღო და თავისი ტანსაცმელი შემომთავაზა. აი აქ, უკვე გამიხარდა, რომ ჩემი მასპინძელი კაცი აღმოჩნდა, სასწრაფოდ შევარჩიე ერთერთი, შავი პალტო, რომელიც მომერგო, უბრალოდ მხრებზე მიჭერდა ოდნავ. ქოლგა ავიღეთ და სასეირნოდ წავედით, ბელგიის მთელი ისტორია ლამის ზეპირად ვისწავლე, მეტისმეტად საინტერესო თანამოსაუბრე აღმოჩნდა. დავმეგობრდით. სეირნობის შემდეგ, ბარები შემოვიარეთ… მეორე დილით მაგიდაზე საუზმე დამხვდა და წერილი, რომლითაც რჩევებს მაძლევდა, თუ რა უნდა მენახა, გადავწყვიტე ბრიუგე დამეთვალიერებინა. მანამდე კი, ბრიუსელის ცენტრში გავედი.3

ქალაქი ულამაზესი იყო, მომინდა, რომ არასდროს წავსულიყავი აქედან! ჯერ იყო და ბელგიურ ცხელ ვაფლს ვეცი, ვანილის ნაყინით და ცოცხალი მარწყვით, ათივე თითით ვჭამდი, ხელები სასწრაფოდ დავიბანე და შოკოლადის დეგუსტაციებს ჩამოვუყევი. ყიდვა აღარ დამჭირდა, იმდენი მივირთვი, ბოლოს უკვე გული მერეოდა.

სუვენირების ყველა მაღაზიაში, ყველაზე ხშირად „მშარდავი ბავშვის“ ქანდაკება მხვდებოდა, გადავწყვიტე მენახა და გამოვედი. ხალხისთვის გამიჭირდა ამეხსნა, რას ვეძებდი, მით უმეტეს რომ მათი ნაწილი ინგლისურად კარგად ვერ საუბრობდა, ამიტომ უბრალოდ იმიტაციას ვაკეთებდი და შემდეგ მათ გაშვერილ ხელს მივყვებოდი.

როცა 5 წრე დავარტყი და მივხვდი, რომ ერთ ადგილას ვტრიალებდი, გამიკვირდა, რამ დამაბრმავა და რატომ ვერ დავინახე. მერე ჯგუფურად შეკრებილი ხალხი ვნახე, რომელიც რაღაცას ათვალიერებდა. ჰო, ეს სწორედ ის, ბავშვის ქანდაკება იყო, რომელიც ზუსტად მუშტის ზომის აღმოჩნდა.

5

ბრიუგეს მიმართულებით სტუდენტური ბილეთი ავიღე, რეალურად კიდევ, სტუდენტი უკვე აღარ ვიყავი და მთელი გზა დაჯარიმების შიშში გავატარე, რამაც ისე დამსტრესა, უკანა გზაზე აღარ გამირისკავს. ბრიუგეც ულამაზესი იყო, ბევრი წყლით, ძველებური არქიტექტურით, სიმწვანით, უამრავი ტურისტით. აქაც იყო ჩემი საყვარელი ვაფლი, ბევრი.

გზად ორი რუსი გოგონა გავიცანი და შემდეგი რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ, ბრიუსელში სასიამოვნოდ დაქანცული დავბრუნდი, სახლში შევლასლასდი და მშიათქო წავილუღლუღე.

  • პრინცი ხარ – გაეცინა ანდრეას
  • ანუ, პრინცივით სიმპატიური? – გამეღიმა მეც
  • არა… უფრო სწორად კი, მაგრამ თან ბევრი სურვილით და გიყვარს, როცა თავს გევლებიან (უარყოფას აზრი არ ჰქონდა)

სასტუმრო ოთახში განთავსებულ როიალს მივუჯექი და „იმღერე რამე“ დავუკარი, მეგონა ჩემი ნიჭიერებით გავაოცებდი, თუმცა ჩემი დაკვრის შემდეგ თავად მიუჯდა და მანდ უკვე ვინანე, რამ დამაკვრევინამეთქი. პიანისტი აღმოჩნდა პროფესიით, ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა.6

ოდნავ დავისვენე თუ არა, ისევ ქალაქში გავედი, შემეძლო დაუსრულებლად მეხეტიალა ამ სიცოცხლით სავსე, მყუდრო და ძალიან ლამაზ ქუჩებში. ხალხიც ძალიან საყვარელი იყო, მაგალითად, ბრიუგესკენ მიმავალ გზაზე, სადგურში ვკითხულობდი რომელი მატარებელი მიდიოდა ბრიუგში, ქალმა ვერ გაიგო რა ვკითხე და სადღაც გაიქცა. ცოტა ხანში, ვხედავ მორბის და ვიღაც მოჰყავს, რომელიც თარჯიმნად გამოიყენა, მანამდე კიდევ, ცდა არ დაუკლია მთელი სხეულის ჩართულობით, რომ აეხსნა – მატარებელი, ოც წუთში, მეორე პლატფორმიდან რომ გადიოდა. გადავეხვიე მადლობის ნიშნად და გავიქეცი მატარბლისკენ.

მესამე დილით, ანრეამ თავისი ექაუნთით მანქანით მგზავრობა მიყიდა პარიზის მიმართულებით, ფული არ გამომართვა, რაზეც აღვშფოთდი:

  • მე ვარ ქართველი, თუ შენ?!
  • არაქართველებმაც ვიცით სტუმრისთვის პატივისცემა – მიპასუხა მან და ვეღარ შევეწინააღმდეგე.

ბრიუსელში ბოლო წუთებს ვითვლიდი, მანქანა მოვიდა და წინ დაჯდომა დავაპირე, როცა ახალგაზრდა ქალი ჩახტა და ნიშნისმოგებით ამომხედა. გაბრაზებულმა შევხედე და რაღაცნაირად თითქოს მენიშნა, რომ ამ ქალთან ერთად ახალი თავგადასავალი უნდა დაწყებულიყო 🙂

დავემშვიდობე ბრიუსელს, მასპინძელს და გზას გავუდექით პარიზისკენ…7

სოლიდარობა თურქეთს! პროფილზე დროშის დაყენების გარეშე

Posted on Updated on

პირველად 2009 წელს შევხვდით… მაშინ ყირგიზეთში მივფრინავდი ტრეინინგზე და 10 საათიანი გაჩერება შემხვდა სტამბოლში. ეს დრო აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, ეს ხომ ჩემი პირველი გადაკვეთა იყო საქართველოს საზღვრის და წარმოდგენა არ მქონდა, შემდეგი გასვლა როდის მომიწევდა ან თუ მომიწევდა საერთოდ. აქაც იმიტომ მოვხვდი, რომ ტრეინინგი სრულად იყო დაფინანსებული.11696501_10204625166136016_992871904236219371_o

მოვიხიბლე ქალაქის კონტრასტებით, ძველის და თანამედროვეობის შერწმით, შემიყვარდა მასში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მჩქეფარე სიცოცხლე, უამრავი საინტერესო ადგილი, შაურმების სურნელი აია სოფიას მიმდებარედ, სიმინდი, ბევრი სიმწვანე, ფერადი ყვავილები, სავსე ტურისტებით… საკვებიც მომეწონა და მას შემდეგ, დღემდე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თურქული რესტორნების აქტიური მომხმარებელი ვარ.12670787_10205904537919511_7004402573166475011_n

შემდეგი გასვლა, სამ ახლო მეგობართან ერთად საბერძნეთიდან დაბრუნების დროს იყო, უკვე ორი სრული დღით, გადარბენების გარეშე... ოჯახური გარემო, ბევრი ჩილიმი, სასმელი, მერე სიგიჟეები ტაქსიმის ქუჩებში, წვიმა, გამჭვირვალე ქოლგები, უამრავი ბედნიერი წუთი.11731626_10204625164335971_2493825963591567452_o

  • თურქეთი იყო ქვეყანა, სადაც 5 თანამშრომელ მეგობართან ერთად 10 დღით ვიმოგზაურეთ, კერძოდ მარმარისში და დღემდე ბედნიერად მახსენდება
  • თურქეთშივე მქონდა დაუვიწყარი მოგზაურობა დედასთან ერთად, ბევრი შოფინგი, ვაშლის ცხელი ჩაი, სეირნობა დაქანცვამდე…
  • მარტო მოგზაურობა და ცხოვრება ადგილობრივ, მეგობრულ და მხიარულ ადამიანებთან, უამრავი თავგადასავალი და დღემდე შემონახული ლამაზი მოგონებები;
  • ნიუ იორკში მოგზაურობის დროსაც დიდი შუალედი და ისევ ნაცნობი ქუჩები…
  • თურქეთმა მიმიღო და დამამშვიდა, როცა ორ დღიანი, უმიზეზო პატიმრობის შემდეგ, ჩრდილოეთ კვიპროსმა გამომადეპორტა.
  • სტამბოლშივე მოვუწყვეთ სიურპრიზი ორჯერ მეგობრებს, ჯერ ერთს, მერე ორს და ორივე შემთხვევაში, მეც თან გავყევი.1274790_10200535207609609_1554911127_o

ბოლოს, ჩემი საყვარელი ქვეყნიდან 1 კვირის წინ დავბრუნდი. გული მეტკინა, როცა კაპადოკიაში, ადგილობრივებმა ტურისტების განახევრების შესახებ შემოგვჩივლეს. არც ტაქსიმი იყო ისეთი ხალხმრავალი, როგორიც მე მახსოვდა.

ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანების კომენტარები, რომლებიც გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ პარიზის ტერაქტი გულთან ახლოს მივიტანეთ და თურქეთი ყველას ფეხებზე გვკიდია – მტკივნეულია ალბათ ყველასთვის.

მე მიყვარს ტოპკაპი, აია სოფია, დოლმა ბაჰჩე, გალათა, სულთან აჰმედი, სულთან სულეიმანი, ტაქსიმი, გრანდ ბაზარი, ისტიკლალი და მრავალი სხვა! და მიუხედავად საფრთხისა, ერთი კვირის წინ, ყველა მათგანი მოვიარე.

მე მიყვარს თურქეთი, მადარდებს მისი პრობლემები და ვგმობ ტერორიზმს! მეც და თქვენც.

და ჩემი და სხვების მწუხარება, პროფილზე ფოტოს თურქული დროშის ფერებში გადაყვანით არ გამოიხატება.

ნუ ვეძებთ ყველაფერში, ჩვენი ეგოს დაკმაყოფილების საშუალებას.

და ბოლოს, მიუხედავად ტერაქტების რაოდენობისა, მე მაინც ვივლი ხოლმე თურქეთში სამოგზაუროდ, ანუ ჩემი სახით ტურისტს არასდროს დაკარგავენ… დაე, სადაც წვრილია იქ გაწყდეს.12814416_10205917260237561_2231234540612733562_n

8 მარტის აღნიშვნა: სამარცხვინო, საჭირო, თუ?

Posted on Updated on

დავბრუნდი თბილისში და დამხვდა მორიგი ორად გაპობილი საზოგადოება, თავისი ქვე-გაპობებით, ანუ ჯამში რამდენიმე კატეგორია.

1. ისინი, ვინც თვლიან, რომ ყველა დღე ქალებისაა და 8 მარტის აღნიშვნა სიგოიმეა
2. ისინი, ვინც ნაჩუქარი (ან თავისით ჩუმად ნაყიდი) საჩუქრების ფოტოები გამოფინეს ბევრი ფერად გულიანი სმაილებით
3. ისინი, ვისაც მოსწონს ეს დღე და ფეისბუქით ულოცავენ გოგონებს (ალბათ სხვა საშუალებებითაც, უბრალოდ მე მხოლოდ საჯარო სტატუსებს ვხედავ გასაგები მიზეზის გამო)
4. ისინი, ვინც დანახარჯების დაზოგვის მიზნით 7 მარტს გელფრენდებს დაშორდნენ და 9-ში შეურიგდებიან
5. ერთ ცალ ყვავილიანები, თუ თაიგულიანები, ბედნიერები, აჟიტირებულები და მრავალი სხვა.
ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი და თავად გადაწყვიტოს, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება ესაჭოროებათ ამისთვის. ასევე, გვაქვს უფლება დავდოთ ფოტოები საჩუქრების და ამით ერთი მხრივ მადლობა გადავუხადოთ ავტორებს და თან საზოგადოებას ჩვენი ბედნიერება გავუზიაროთ.8 marti
მე პირადად, საკმაოდ გამაღიზიანა “ფსევდო-პრადვინუტებმა”, ვინც ირონიით გაძეძგილ კომენტარებს არ იშურებდნენ იებიან ბიჭებზე თუ 8 მარტზე ზოგაფდად და ამით კიდევ ერთხელ, უნიჭოდ ცდილობდნენ საზოგადოების ზედა ფენაში მოქცევას. (რა ფენა, რა პრესტიჟი, wtf)
მოდით, გირჩევთ მათ, ვინც თვლით, რომ 8 მარტი სიგოიმეა, რაკი 365(6)ვე დღე ქალებისაა:
1. ნუ აღნიშნავთ ახალ წელს, რაკი მთელი მომდევნო წელი ახალია წინა წელთან შედარებით
2. ნურც დაბადების დღეს, სხვა დღეებიც ხომ თქვენია, რა საჭიროა მოლოცვა, საჩუქრები, აღნიშვნა ზოგადად
3. აღდგომას, ან შობას – ქრისტე ისედაც ყველა დღე ჩვენშია და ცალკე 1 დღის მიძღვნა მისი დისკრიმინაციაა
4. ა.შ. და ა.შ.
შეხედეთ, როგორც რიტუალს, დატკბით ამ სასიამოვნო ფუსფუსით, ხალხის ბედნიერებით, პოზიტიური განწყობით და დაგვანებეთ თავი, ვისაც ეს ყველაფერი გვაბედნიერებს.
მე პოზიტივით ამავსო ამდენმა ბედნიერმა დედამ, ვისაც შვილებმა ძალიან საყვარლად მიულოცეს 3 და 8 მარტი, განსაკუთრებით პატარებმა, შეყვარებულმა წყვილებმა, ქუჩაში სიურპრიზების ორგანიზატორებმა, ა.შ. რომ დავტკბეთ და სხვისი ბედნიერება გავიზიაროთ, ნაცვლად ყველაფერში კრიტიკის ობიექტის ძებნისა, ხომ ყველასთვის უმჯობესი იქნება? დიახ, იქნება ნამდვილად.
არავის გვიყვარს ის კაცები, ვინც სამ და 8 მარტს, პლუს 14 თებერვალს ქალებს საჩუქრებით ანებივრებენ, მათ სადღეგრძელოებს სკამზე შემომდგარები სვამენ და დანარჩენ 362 დღეს უტყაპუნებენ და/ან აგინებენ, შესაბამისად, ეს არგუმენტი არ გამოგვადგება, რაკი აქ არაფერ შუაშია.
ნუ მომიყვანთ კონტრ არგუმენტად ფაქტს, რომ ცუდია დედები და ქალები მხოლოდ 3 და 8 მარტს რომ ახსენდებათ. ასეთ ხალხს სხვა დროს მაინც არ გაახსენდება, შესაბამისად – ორი დღე სულ არაფერს სჯობს, ფაქტია.
p.s. ვისაც 8 მარტი – ქართული/”ღრუზინული” აკვიატება გგონიათ, დაგუგლეთ აბა, შემთხვევით იმ თქვენს სანაქებო ქვეყნებშიც ხომ არ აღინიშნება ეს დღე? 🙂
გილოცავთ დაგვიანებით, ქალთა საერთაშორისო დღეს!

12 მეთოდი – როგორ გავხდეთ ცნობადები 1 კვირაში

Posted on Updated on

  1. წადით მონასტერში, მონასტრიდან კი პირდაპირი რეისით ცირკისკენ გამოემართეთ, ან გზაში, რამდენიმე ტიტლიკანა ფოტო გამოდეთ. თუ მონასტრამდე გეზარებათ, სტიქაროსანი ან უბრალოდ მეტისმეტად მორწმუნეს იმიჯი მოირგეთ.
  2. თუ გოგონა ხართ – გამოფინეთ საჯაროდ შიშველი მკერდი, ან კამერის წინ გაიხადეთ, თუ ბიჭი – შიშველ საჯდომს გადაუღეთ ფოტო და დაბუსტეთ ფეისბუქზე. მალევე მიგიწვევთ ბატონი ჯაჯანიძე, სადაც აწ უკვე „პატივცემული“, ყოფილი მეძავები გამოგლანძღავენ, ხალხი თქვენც მხარეს დაიჭერს, თუმცა გარეთ გამოსულს, მაინც დაგილურჯებთ მარჯვენა თვალს ვინმე, უსექსო ქართველი ვაჟკაცი. ჰო და, მერე წაბრძანდებით პროფილში, სადაც მაიასთან ერთად იტირებთ და მოყვებით: გეტკინათ, თუ გეწყინათ და ეგაა.
  3. დაწერეთ ლექსი, რამე „ფიქრები-ერთად ვიქნებით“ ჟანრში, მერე ჩაწერეთ აგრესიული მანერით კამერის სელფი მოუდით, ბუჩქის, ან “სწენკის” ფონზე… აქ აუცილებელია „ლასი“ გქონდეთ რბილი, ცოტა იქინე-აქანე და რაც მთავარია – უნდა ყვიროდეთ წაკითხვისას. აი წარმოდგინეთ, რომ ვინმეს აგინებთ, უბრალოდ სიტყვები იქნება სიყვარულზე. გახდებით ინტერნეტ ვარსკვლავები და ამჯერად ნანუკას შოუში მოხვდებით, მერე ტაშს დაგიკრავენ, თქვენც თანამედროვე გალაკტიონად იგრძნობთ თავს, ხოლო ნაკლებად განათლებული, მაგრამ მეტისმეტად „დანამული“ პატარა გოგო-ბიჭები სახის ხოკვა-პორჭყვნით დაგაშეარებენ, მეტი რა გინდათ.Justin Bieber Performs Live On Sunrise
  4. მამრებმა მიეცით ინტერვიუ, რომ ქალი არასდროს გაგიბედავთ მოკლე კაბის ჩაცმას, მტვერიც სულ გადაწმენდილი ექნება, თორემ სახის ძვლებს გადაუწმენდთ, საყვარელ ფრაზად „ნასკი გამხადე ქალო“ დაასახელეთ. გოგონებმა, ბარბის გამომეტყველებით – მონური მორჩილება აღუთქვით პოტენციურ ქმრებს. მერე წავა გაზიარებები, ცოტას ან ცოტაზე მეტს გაგინებენ, მაგრამ ვარსკვლავობის „ლეველი“ ხომ იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
  5. დაწექით ნახევარ თბილისთან და მოულოდნელად შეიცვალეთ, ჩადრი ჩამოიფარეთ სახეზე, თავზე შარავანდედი გამოისახეთ და მორალი წაუკითხეთ სხვებს, თუ არგუმენტაცია შემოგაკლდებათ (ინტელექტიც კაი საქონელია) – ბიბლიიდან წაუკითხეთ მცნებები.
  6. „გახდით“ ტრანსგენდერი, მერე მოულოდნელად ჩაიცვით ჩოხა და დაგმეთ ლგბტ თემი, შიგადაშიგ სამებაშიც დაჩექინდით, ესეც რომ მობეზრდება ხალხს განსახილველად, მერე დაჰკარით ფეხი და გათხოვდით. სახელებიც რამდენიმე გქონდეთ, კარგად მუშაობს, ხან ავთანდილი იქნებით, ხან ციცო, ხან ისევ ავთანდილი და ასე.
  7. სხეულზე ჯვრები დაიხატეთ, მერე ცოტა იფართხალეთ და განაცხადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოგესახათ, რომ უფლის რჩეული ხართ და მოწიწება მოითხოვეთ, ერის ნაწილს ამითაც დააბოლებთ.
  8. დაიჭირეთ ბიბლია და აკრიტიკეთ მცნებები, პატრიარსაც თუ აგინებთ – პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებთ – საავტორო უფლებების წართმევისთვის ვინმე თეა და თინა გიჩივლებენ, თუმცა რაკი არ ექნებათ დაპატენტებული, სასამართლო თქვენს სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს.
  9. გახდით სასულიერო პირი, იარეთ ფიტნესში ანაფორით, დალიეთ, გაერთეთ, საჯაროდ „აყარეთ ნაშობა“, ან პირიქით – გლამურს მიაწექით, გააკეთეთ ღრმად „თანამედროვე“ განცხადებები, დადეთ დღეში 800 სელფი, ანაფორა ექსკლუზიურად ვერსაჩეს შეუკვეთეთ…
  10. მოყევით, როგორ გიზიდავთ ორალური სექსი, აღწერეთ დეტალებში თქვენი გამოცდილება, თემატურ ფოტოსაც თუ დადებთ „თლა უკეთესი“ – ერის გამხრწნელად მოგიაზრებენ, შეგიძულებენ, მაგრამ თქვენ ამით სიამოვნებას მიიღებთ მხოლოდ.
  11. თქვით რამე სისულელე, მაგ: დაინახეთ, როგორ ჰქონდათ სექსი თვითმფრინავში, რომელმაც თბილისის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, მივარდით აეროპორტში და მოითხოვეთ შეეწყვიტათ, პარალელურად შვილს ყურებზე ხელი ააფარეთ, თქვენი გინება რომ ვერ გაეგო. მერე მძიმე კაცი მიგიწვევთ, იქაც უაღრესი გაუნათლებლობა გამოავლინეთ, განაცხადეთ, რომ როგორც კანტი და ჰეგელი იტყოდნენ, ადამიანი ჰიპოპოტამისგან წარმოიშვა. ამავე გადაცემაში შეგიძლიათ გაგვანდოთ, როგორ გიყვართ მოშარდვა სამშობლოზე მეტად და ამჯერად უკვე ერის პატრიოტი ნაწილი გათრევთ.
  12. ვინმე ცნობად ადამიანს „დაუსაყვარელდით“, ოჯახი დაუნგრიეთ, ან ნუ დაუნგრევთ, მთავარია, ბოლოს ეს მემუარებში აღწეროთ. პარალელურად, დანა-ჩანგალს თუ ვერ იშოვნით, შეგიძლიათ ვინმეს ჩამჩა ჩასცხოთ თავში და შედეგიც სახეზე იქნება.

და ბოლოს, ამ ხალხის არსებობაზე მეტად მაოცებს იმ ხალხის არსებობა, ვინც ამათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მეტისმეტად მეუხერხულება ის ფაქტი, რომ აი ასე მარტივად მანიპულირებადი ერი ვართ. თუმცა, შედეგი სახეზეა, ეს მეთოდები დღემდე ამართლებს და შესაბამისად, მათ სულ უფრო მეტი “ცნობადობას” მოწყურებული პოტენციური “ვარსკვლავი” მიმართავს.

პ.ს. ყველა პუნქტში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ზოგი მათგანი მისაღებია, ზოგადი ფონია უბრალოდ შემაშფოთებელი.

რაც შეეხება რჩევებს – მშვიდობაში მოიხმარეთ 🙂

ეს ის საქართველოა, სადაც…

Posted on Updated on

შევდივარ ფეისბუქზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ „სხვაგან მოვხვდი“. ქვეყანაც ორ, არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი: საქართველო და suckართველო. ნელნელა სქროლავ პოსტებს და გეღიმება, მერე საკუთარი ღიმილიც გაშინებს… მერე, ხვდები, რომ რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკო, გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვან. ყეფა არც გამოსავალია, რადგან ქარავანს მაინც ვერ შეაჩერებ და არც პრესტიჟული, რაკი უკვე ძირითადად კატები ყეფენ… თუმცა მაინც არ ელოდები დროს, გზის დანახვას ურმის გადაბრუნებამდე ცდილობ, შვილებს დედ-მამის გამონახვამდე ატყობ კოჭებში, ვისი გორის არიან და რაც მთავარია ხვდები…

ხვდები, რომ ეს ის საქართველოა, სადაც:

  1. სადაც მავანნი ოპერაში ცხოველის ქურქით შემოსილ ქალბატონებს განიხილავენ და გვერდითვე ტყავის საფულე, ჩანთა, ტყავისვე ფეხსაცმელი ულაგიათ, ცოტა ხნის წინ კბილებში ჩარჩენილი ხორციც ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით გამოიჩიჩქნეს და მაინც: გმობენ ბეჭებზე შემოგდებულ „მკვდარ ცხოველებს“. ის, რომ ოპერა გაიხსნა, რა მოხდა, რა იყო და როგორ – ფეხებზე გვკიდია. აქვე შეგახსენებთ, ოპერა ბრაუზერიც არის, სადაც შეიძლება ხალათით და ფეხშიშველი შესვლაც, თუმცა მარტივად, დაგუგლეთ, როგორი ჩაცმულობით სტუმრობენ ოპერას სხვა ქვეყნებში, მგონი ორი “ოპერა” აგვერია ერთმანეთში.
  2. სადაც გადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მიმდინარე და ყოფილი მეძავები გიკითხავენ, ათი მცნებიდან პუნქტებსაც არგუმენტად იშველიებენ, იმ პუნქტებს, წინა საღამოს თავად რომ დაარღვიეს, ან ვერ დაარღვიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმაში აღარ არიან და პარტნიორიც ასე მარტივად აღარ იშოვება.
  3. სადაც ერის მთავარ პრობლემას გეების ქორწინების დაკანონება წარმოადგენს, სხვა არაფერი გვაწუხებს… ფეისბუქ ომისთვის ყველას გვცალია, ქუჩაში ლოზუნგებით დასადგომადაც მზად ვართ, ხელსაც დავარტყამთ თუ საჭიროა, უფრო სწორად ხელს არა, ბიბლიის ყდას ვურტყამთ თავში! იმ ბიბლიის, რომელიც ალბათ არასდროს გადაგვიშლია, ან უბრალოდ გადაგვიშლია…
  4. სადაც სასულიერო პირი რიგშიც პირველია, საცობშიც და მეტიც, გინებით ან სიგნალით აგიკლებს, თუ არ გაატარებ, ისინი ხომ განსაკუთრებული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ, მათი კრიტიკაც – ბიზნეს კლასის ბილეთია, ჯოჯოხეთის რეისზე.
  5. სადაც ქართველი ვარსკვლავი ბანკში იპოთეკის მოხსნას გთხოვს და საკრედიტო ექსპერტს (მო)სთხოვს, რომ მისი სახელი ჩაიდონ, ის ხომ თვით პირობითად: გურამ შეროზია! (ბანკში მუშაობის პერიოდის პირადი მოგონებებიდან). დავაკონკრეტებ: “ვარსკვლავი” ცნობილია – პოპულარული და გავლენიანი კაცების „საყვარლობით“
  6. სადაც მეძავი მამაკაცები მეძავი ქალებისკენ თითს იშვერენ, საჯაროდ და მათი ცხოვრების წესს გმობენ!
  7. სადაც ლამაზი და ცნობადი გოგონები ქმრის მორჩილების, ცალმხრივი ღალატის პროპაგანდით სარფიანად გათხოვებას ცდილობენ, საქმროს კანდიდატურაზე კი – ვაკანსიას მათი მამები აცხადებენ.
  8. სადაც ხალხი ხელმოწერებს აგროვებს პროფილის და ჯაჯანიძის „სხვა არა და იგივე რაკურსის“ დასახურად, როცა რეალურად მათ ყურებას არავინ აძალებთ, მეტიც, ხუთშაბათს მოუთმენლად ელიან, ნახვის შემდეგად აქტიურად განიხილავენ სტუმრებს და მადლობელიც კი არ არიან, აგრესიისგან დაცლის საშუალება რომ მისცეს. ნუ უყურებთ „ბრატცი“ და თავისით დაიხურებიან, მარტივი ამბავია.

მადლობა, ჩემს გარშემომყოფებს, რომ მე სხვა, ნათელ საქართველოში ვცხოვრობ და წარმოდგენა არ მაქვს სად მდებარეობს „suckართველო“, თუ ფეისბუქ აგრესიას არ ჩავთვლით…

(მრავალ)წერტილი.

აი ის აგრესორი ფრენდები…

Posted on Updated on

აი ის ფრენდები, მუდმივად სიძულვილს რომ ღაღადებენ ბაგენი მისნი…

  1. ჯერ იყო და სეკრეტ სანტა ამოგვადინეს ყელში: ვის არ ჰყოლიაო, რა ტვინი წაიღეთო, მოგიტ… სეკრეტ სანტაო, ზოგმა საერთოდ იტყუებით და საკუთარ თავს უკეთებთ სიურპრიზებსო…
  2. მერე მოთოვა, ხალხიც აჟიტირდა, გაბედნიერდა. აქაც არ დააყოვნეს ჰეითერებმა და დაერივნენ თოვლით გაბედნიერებულებს, ერთფეროვნებაში დაადანაშაულეს, როცა თავად ჰეითერების პოსტებიც ზუსტად ერთფეროვანი სიძულვილით იყო გაჯერებული.
  3. საშობაო ეპისტოლეს წინა დღეებში, წინასწარ გააქტიურდნენ რელიგიური ზომბები: ახლა პატრიარქის ეპოსტოლეს ეს ნაბიჭვარი ათეისტები გააკრიტიკებენო, ყელს გამოვჭრითო, ბოზიშვილივიყო მაგათ დედებს შევე…თო… ვგიჟდები ეკლესიის ასეთ ეკლესიურ-მადლიან-ინტელექტუალურად დამცველებზე 💛 და ეს ის მოვლენაა, რაზეც არ/ვერ მაქვს კომენტარი.
  4. ზაზა ფაჩულია, ჩვენი მხარდაჭერით ვაწუხებთ ღრმად დახვეწილი პოსტების მქონე ფრენდებს, ტვინი წავიღეთ, დავზომბდით, თუმცა ავიწყდებათ ჰაიდის ფუნქციაც, გამოხატვის თავისუფლების ცნებაც, სხვა ყველაფერიც, უბრალოდ აღარ იციან როგორ გამოირჩნენ მასისგან, გახდნენ ორიგინალურები და მსგავსი დაბალი დონის გამოხტომებით გვიშლიან ან ვერ გვიშლიან ნერვებს, მშვიდობიან და საერთო მიზნისთვის შეკრულ ადამიანებს 🙂
  5. სიგარეტის გაძვირება – რა კარგიაო, აღარ აგვაყროლებთო მწეველებიო, ერი უფრო ჯანმრთელი იქნებაო. თითქოს, ჩემი ჯანმრთელობა ჩემზე მეტად გადარდებდეთ, ან ჩემს გვერდით ყოფნას და გამონაბოლქვის სუნთქვას გაძალებდეთ ვინმე, მოკლედ, სხვის პრობლემაზე მოხორხოცე ფრენდებმა აქაც არ დააკლეს არცერთი მისხალი… ამას კიდევ ის დაუსრულებელი ხუმრობები ჯობდა, სიგარეტის განვადებაზე, “პარლამენტით” პარტნიორების შოვნაზე, ა.შ.
  6. ეს ის ხალხია, ვინც ზაფხულში შორტებში გადაღებულ ფოტოებს აპროტესტებდნენ (თითქოს ჩადრით უნდა გვევლო ყველას), მერე სკოლის დაწყებისას, ბავშვებს დააყარეს ქოქოლა, რა ტვინი გაბურღეთ, გავიგეთ, გავიგეთო, იმაზეც კი გაგვაკრიტიკეს, სირიელ ბავშვებზე ასე შორიდან რომ ღელავთ ნეტა ვინმე რამის მაქნისი იყოთო, თავად ალბათ საზღვარზე იდგნენ იარაღით აღჭურვილები და მათ დასაცავად შესვლას ითხოვდნენ.
  7. წინასწარ მეშინია ზამთრის კურორტების, ბაკურიან-გუდაურზე ატეხილი ისტერიკის, კორპორატიულების ფოტოებს რომ გამოვაქვეყნებთ, სეკრეტ სანტას აგრესიის მეორე ეტაპი დაიწყება და ასე უსასრულოდ… განსაკუთრებით საყვარლები ის ფრენდები არიან, ამ ღრმად ინტელექტუალური ფორმით, აგრესიას ლათინური შრიფტით რომ აფიქსირებენ, მორფოლოგია, სინტაქსი, ა.შ. რა ცხოველებია – წარმოდგენა რომ არ აქვთ და მაინც რომ არ ეზარებათ სიბრძნეების ფრქვევა. 🙂1452413303958

მოკლედ, მიზეზების გამოსაკვლევად და ანალიზის ჩასატარებლად არც დრო მაქვს და არც მოტივაცია, შესაბამისად, მარტივად მივაწეროთ ეს ყველაფერი უ-პრობლემებს: უ-პონტობას, უ-იღბლობას, უ-სექსობას, უ-ა.შ.-ს.

ჰოდა, ჩემო აგრესორო საზოგადოებავ, ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ, თუ მაინც არ გეშველათ, მაშინ ისევ ხელი გაანძრიეთ, ამჯერად უკვე პირდაპირი გაგებით.

გისურვებთ/ვისურვებ სიმშვიდეს, გაგებას და სოლიდარობას, მეტ პოზიტივს და ნაკლებ უ-ს.

(მრავალ)წერტილი.